სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში პოლიტიკის ფორმულა თქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით "სერიოზული პროგრესი" იქნა მიღწეული.
ვაშაძის თქმით, რადგან ის ქართულ ოცნებას არ ენდობა, მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც შეთანხმდებიან, დეტალურად აისახოს დოკუმენტში:
"საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ. ყველაფერი, რაზეც შეთანხმება მოხდება, უნდა გაფორმდეს დეტალიზებულად შეთანხმების დოკუმენტში. ამის ორივე მხარემ ხელი უნდა მოაწეროს და ხილული თუ უხილავი ბეჭედი უნდა იყოს ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მე არ ვენდობი ქართულ ოცნებას. პირიქით, ამ დოკუმენტში ყველა სიტყვას უნდა ჩავეჭიდოთ, რომ არ მოხდეს ჩვენი გადაგდება", - თქვა მან.
ვაშაძისვე თქმით, სტაბილიზაციას გარკვეულ საკითხებზე თანხმობა სჭირდება. მაგალითად, ის მზადაა, არ "გამოეკიდოს" სიტყვათშეთანხმება "პოლიტპატიმრებს", თუ ეს ამ ადამიანების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს.
ვაშაძე ამბობს, რომ როგორც პოლიტპატიმრების, ასევე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე, ხელისუფლების პოზიციის თვალსაზრისით, "მძიმე ვითარებაა":
"პატიმრებზე შეთანხმების გარეშე ვერ ვხედავ პერსპექტივას, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებული შეთანხმების გარეშე. თუ შეთანხმება არ შედგა, პარლამენტში არავინ შევა," - თქვა მან.
წამყვანის კითხვაზე, იგულისხმება თუ არა აქ შეთანხმება ოპოზიციის ყველა პირობის ნაწილში და რა კომპრომისისთვისაა მზად ოპოზიცია, ვაშაძე პასუხობს, რომ ადამიანებს პატიმრობაში ვერ დატოვებს. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ის ხელისუფლებას "კონკრეტული ალტერნატივის" შეთავაზებისკენ მოწოდებს:
"ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებებში ვერ დავტოვებთ. იგივე რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით - მოიტანონ კონკრეტული მოსაზრებები, ალტერნატივები, რომელზეც ვიმსჯელებთ, ვკითხოთ საზოგადოებას, მისაღებია თუ არა. გულწრფელად გაუბნებით, ბევრმა შეიძლება თქვას, ასე რატომ ლაპარაკობ, ასე ხისტად... ახლა სიხისტის დრო კი არ არის, ახლა რაციონალური მიდგომის დროა, ორივე მხრიდან. თუმცა, პოზიცია თუ არ დაახლოვდა, კიდევ უფრო დიდ ჩიხში ვართ", - თქვა ვაშაძემ.
რაციონალობის მაგალითად ვაშაძემ ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის შეთავაზება მოიყვანა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეთანხმების გარეშე პარლამენტში არავინ შევა. აქვე დაამატა, რომ ცალკე საკითხია, ვისთვის იქნება ეს შეთანხმება მისაღები და ვისთვის - მიუღებელი:
"ოპოზიციასაც ხისთავიანი პოზიცია არ უნდა გვქონდეს, ჩვენც ვაჩვენებთ აბსოლუტურად რაციონალურ ნაბიჯებს, რომ გვესმის და მადლობას ვუხდით ამ მხარდაჭერისთვის [ელჩებს]. მაგალითად, რიგგარეშე არჩევნები ან პლებისციტი, ეს ხომ არის რაციონალური ნაბიჯი. თუ არცერთი, თვითონ უნდა გვითხრან, რა ... შეთანხმების გარეშე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, პარლამენტში არავინ შევა. ეს შეთანხმება ვისთვის მისაღები იქნება და ვისთვის - მიუღებელი, ეს ცალკე საუბრის საგანია ... ჩვენს შორისაც ვიღაც უფრო რადიკალურ პოზიციაზეა, ვიღაც უფრო - ესეთზე. ვიღაცისთვის პლებისციტიც მიუღებელი იყო, ვიღაცისთვის - არა. საერთო პოზიციების შენარჩუნებისთვის ამ ყველაფერს კომპრომისულად შევხედეთ. იმედი მაქვს, გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება საერთო", - აცხადებს ვაშაძე.
მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება მაინცდამაინც საკანონმდებლო ორგანოში უშუალოდ მისი შეკრების დღეს არ უნდა დავუკავშიროთ:
"ნუ დავუკავშირებთ ამას მაინცდამაინც პარლამენტში შესვლა - არშესვლას 11 დეკემბერს. შეიძლება 11-ში არ იყოს და შეიძლება საერთოდ არ იყოს, მაგრამ შეთანხმება შედგეს. ესეც ხომ შეიძლება, შეტანხმების ნაწილი იყოს, რომ ოპოზიცია არ შემოდის, მაგრამ რაღაც ნაწილში ვთანხმდებით, რომ გასაკეთებელია, ბევრი ვერსიაა," - თქვა ვაშაძემ.
მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს.
კრიზისის ფონზე, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. მათგან უკანასნკნელი შეხვედრა დღეს, 7 დეკემბერს შედგა. შეხვედრაზე ოპოზიციის წინადადებები განიხილეს, რომელშიც პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო რეფორმის და ხელახალი არჩევნების გარდა, ასევე არის შეთავაზება რიგგარეშე არჩევნებზე პლებისციტის ჩატარების შესახებ. შეხვედრის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებს ან პლებისციტს არ განიხილავს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა თქვვეს, რომ ზოგიერთ საკითხზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა ეს არ ეხება მთავარ საკითხებს.
