logo
ENG



ჯაფარიძე: ყველას პოზიცია იყო ბოიკოტი შეთანხმების გარეშე, ახლა ვინ რა ჭკუაზეა, არ ვიცი

08 დეკ 202014:20
3 წუთის საკითხავი
 

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, შეიცვალა თუ არა რომელიმე ოპოზიციონერმა პოზიცია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. დღეს, 8 დეკემბერს ლელოს ოფისში ოპოზიციური პარტიები ისევ შეიკრიბნენ.

"აქამდე ყველას პოზიცია იყო, რომ თუ შეთანხმება არ შედგება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება. ახლა ვინ რა ჭკუაზეა არ ვიცი. 

მათი [ყოფილი თანაპარტიელების] პოზიციაც იყო, რომ შეთანხმების გარეშე არავინ შევიდოდა", - განაცახადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე. 

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების IV რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს შედგება. III რაუნდი გუშინ, 7 დეკემბერს გაიმართა. 

მოლაპარაკების საკითხი ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტის ფონზე, მათი მოთხოვნები და ხელისუფლებისთვის შეთავაზებული წინადადებებია - ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას წერილობითი შეთავაზებაც გაუკეთა - ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად შეთავაზების ერთ-ერთი პუნქტი 2021 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. სწორედ ეს საკითხები განიხილეს ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 დეკემბრის სხდომაზე.  

შეხვედრები დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით მიმდინარეობს. პარლამენტი 11 დეკემბერს შეიკრიბება, თუმცა მოლაპარაკებები ამ დრომდე კონკრეტულ შედეგამდე ჯერჯერობით არ მისულა.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს. ამ დრომდე ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს. 7 დეკემბრის შეხვედრის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ, რომელიც, ირაკლი კობახიძესთან ერთად, მოლაპარაკებებზე ხელისუფლებას წარმოადგენდა, თქვა, რომ განმეორებით არჩევნებს ან პლებისციტს ქართული ოცნება არ განიხილავს. თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ერთიანი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება.


close დახურვა