გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი მთავარი არხის ეთერში ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შემოთავაზებას დათანხმდებოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ამ შემოთავაზებასაც არ იძლევა სრულად.
მეგრელიშვილის თქმით, მას მოსწონს პროპორციული წესით ყველა შემდგომი არჩევნების ჩატარების პირობა, თუმცა აღნიშავს, რომ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ეს შემოთავაზება არ აკმაყოფილებს, მათი თანხმობის გარეშე კი, მოლაპარაკებას არ გეგმავს.
"მე ძალიან მომწონს სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით როგორც პარლამენტში, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში დღეიდან. ეს არის ჩემი პირობა. იმაზე, თუ ვინ ჩაატარებს [არჩევნებს] და როგორ ჩაატარებს, მე რასაც ვუსმენ, ყველაზე დიდი პროგრესია. უბრალოდ, ეს ნაწილი არავის აკმაყოფილებს", - ამბობს მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე საჯარო დისკუსიას იმ კოლეგებთან მოითხოვდა, რომლებსაც ხელახალი არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარება უფრო მნიშვნელოვან შემოთავაზებად მიაჩნდა.
"მე ამის გამო, იმდენად მინდა ამის მოპოვება, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს მოვიპოვოთ, რომ მე საჯაროდ ვთხოვდი და დისკუსიას გავმართავდი ნებისმიერ ოპოზიციურ კოლეგასთან, რომელიც პლებისციტს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, ვიდრე ამას", - ამბობს მეგრელიშვილი და დასძენს, რომ ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლებთან შეთანხმების გარეშე, არც ამ შემოთავაზების სანაცვლოდ აპირებს პარლამენტში დამოუკიდებლად შესვლას.
გირჩის ლიდერის თქმით, პლებისციტის იდეას არ იწონებს იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ამგვარი შედეგი განაპირობა, ადგილზე რჩება.
"მე არ მგონია, რომ ამ ქვეყნაში ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ ახლა, გაზაფხულზე რომ ჩატარდეს არჩევნები, ის ნაკლები პრობლემებით ჩატარდება და მით უმეტეს, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში", - ამბობს მეგრელიშვილი.
საბოლოოდ, მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზების მოწონების მიუხედავად, აცნობიერებს, რომ ქართული ოცნება არც ამ შემოთავაზებას იძლევა დამაკმაყოფილებელი პირობებით.
"ქართული ოცნება იმითაც არ მოდის, რაც მე მინდა. იმითაც ისე მოდის, რომ ვხვდები, რასაც აკეთებდა პროპორციული არჩევნების მოლაპარაკების დროს, მაჟორიტარები რომ ჩაგვიტოვა, რამაც ააფეთქა სიტუაცია, ახლა ტოვებს ზუსტად ისეთივე რაღაცებს", - ამბობს მეგრელიშვილი.
გირჩში არსებული განხეთქილების და პარტიის ლიდერთან, ზურა ჯაფარიძესთან არსებული უთანხმოებების მიუხედავად, ვახო მეგრელიშვილი გირჩის პარტიული სიით გასული ერთ-ერთი დეპუტატია. მე-4 რაუნდის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი აცხადებს, რომ ერთობლივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.
ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული ჩამონათვალი, რომელიც ფორმულამ რამდენიმე დღის წინ მოიპოვა და გაასაჯაროვა, შეგიძლიათ იხილოთ აქ.