ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი პოზიციები არ დათმეს.
როგორც მელიამ პარტიების ერთობლივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ "მიტაცებულ ძალაუფლებას" არ შეეგუება.
"ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ოპოზიციური პარტიები, არ ვეგუებით უსამართლობას, არ ვეგუებით ძალაუფლების მიმტაცებელს, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა და დააპირა გაფორმება ამ მიტაცებული ძალაუფლების ოპოზიციური პარტიების მეშვეობით. მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა ხალხის მხარდაჭერით ყველაფერზე თქვეს უარი. ეს არ არის ერთპარტიული პარლამენტი, რაც დღეს იქ ხდება, ეს არის ერთი კაცის პარლამენტი, ერთი ძალიან მდიდარი კაცის პარლამენტი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ.
მონაწილე პარტიები ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ბარიერგადალახული პარტიები მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად 14 დეკემბერს მიმართავენ. მანამდეა ჩანიშნული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართება.
დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს.