პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ISFED-ის PVT შედეგებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების მაჩვენებელი გაუმჯობესდა და ამბობს, რომ ეს დასკვნა "ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას".
ელისაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის დასკვნა 3-ჯერ გადაიკითხა, რადგან თავიდან ეს განცხადება "ფეიკი" ეგონა.
"სიმართლე გითხრათ ერთი 3-ჯერ გადავიკითხე ეს დასკვნა და თავიდან არ ვუჯერებდი, მეგონა, რომ ფეიკი იყო. იმიტომ, რომ ISFED არის ყველაზე სანდო. ისტორიულად, რაც ჩვენთან არჩევნები ტარდებოდა ყველაზე სანდოა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ვენდობით. როდესაც ISFED ამბობს, რომ მას ჰქონდა ხარვეზი და არასწორად დაითვალა, ეს ძალიან ასუსტებს ოპოზიციის პოზიციას, გულწრფელად ვიტყვი, რომ ეს არის დარტყმა ოპოზიციის პოზიციაზე", - განაცხადა ელისაშვილმა ღამის კურიერის ეთერში.
ის აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციისგან ISFED-ის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ბოდიშის მოხდას ითხოვს და ამბობს, რომ ორგანიზაციის ამ დასკვნით მტკიცდება, რომ არჩევნები არ გაყალბებულა:
"ბოდიშის რა მოგახსენოთ, ამაოდ ელოდება ბატონი თალაკვაძე, მაგრამ მე ველოდები მოლაპარაკების გაგრძელებას ელჩების ფორმატში", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, დღეს ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.
აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ.