logo
ENG



კობახიძე: ISFED-ის შეცვლილმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ თამარ ჟვანიას არაფერი გაუფუჭებია

12 დეკ 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 1031

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სამართლიანი არჩევნების მიერ პარალელური დათვლის შედეგების გადამოწებამ ცესკოს სიმართლე დაადასტურა. 

"ამას არ სჭირდებოდა რამე განსაკუთრებული ჩაღრმავება, უკვე ციფრებიდან და არითმეტიკიდან არის ნათელი ის, რომ PVT-ში იყო დაშვებული ძალიან უხეში ხარვეზი, რისი გადამოწმებაც ჩვენ ვითხოვეთ და უცხოელმა პარტნიორებმა ამაზე მისცეს ძალიან მყისიერი რეაქცია. ​PTV-ის მონაცემების გადამოწმებით დადასტურდა, რომ სულ მცირე, თამარ ჟვანიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციას არაფერი გაუფუჭებიათ

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს, რომელიც უკავშირდება კარუსელებს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და მოსყიდვას - ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ ოპოზიციას დებატებს". - თქვა მან დღევანდელ ბრიფინგზე. 

საქმე სამართლიანი არჩევნების მიერ ჩატარებულ პარალელური დათვლის შედეგებს ეხება, რომლის შედეგებიც ორგანიზაციამ გუშინ, 11 დეკემბერს, ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალა.

კობახიძის მტკიცებით, აბსურდულია ბრალდებები ISFED-ის მიმართ ფარული მიყურადების და ზეწოლის შესახებ. 

"რადიკალური ოპოზიცია არჩევნების გაყალბების შესახებ თავის მტკიცებას აფუძნებდა პარალელური დათვლის შედეგებზე და მთლიანად ჩამოენგრათ ეს მთავარი საყრდენი. შესაბამისად, მათი მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია". - ამბობს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა

მანამდე კი ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ. 

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებს, ამ შედეგებით ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო. 


close დახურვა