logo
ENG



კაპანაძე: პარალელური დათვლა ჩვენი მთავარი არგუმენტი არ ყოფილა, ეს ქართულმა ოცნებამ მოიგონა

14 დეკ 202013:37
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების პარალელური დათვლა ოპოზიციის მთავარი არგუმენტი არ ყოფილა, რადგან მისივე თქმით, არჩევნები უშუალოდ კენჭისყრის დღეს გაყალბდა. 

"პარალელურ დათვლაზე ყოველთვის ვამბობდით, რომ იქ არსებული შეუსატყვისობა, არასდროს არ ყოფილა მთავარი მანიშნებელი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა.

პარალელური დათვლა ნიშნავს იმას, რომ რა ოქმებსაც იღებდნენ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები, იმ ოქმებს აჯამებენ და დებენ შედეგს. გაყალბება მოხდა ბიულეტენების ჩაყრის გზით, გაყალბება მოხდა, ასევე კარუსელების გზით, პარალელური დათვლა ამათ ვერ იჭერს, გაყალბებები მოხდა, ასევე მოსყიდვით, ამიტომ პარალელური დათვლა არასდროს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი, ეს ქართულმა ოცნებამ მოიგონა, რომ თითქოს ეს იყო. ახლა თავისივე მოგონილი არგუმენტი გაქარწყლდა და ამაზე ააგეს მთელი ეს პროპაგანდა", - განმარტავს სერგი კაპანაძე. 

11 დეკემბრის საღამოს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგები არჩევნებიდან თვენახევრის შემდეგ ქართული ოცნების სასარგებლოდ შეიცვალა. 

სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის (PVT) შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია 11 დეკემბერს გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი შედეგების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა, მისი მტკიცებით, შეხვედრაზე, "2-3 კვირის წინ შედგა", მმართველი გუნდის წარმომადგენლები პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დაინტერესდნენ.

 


close დახურვა