ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების ყრილობაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს აირჩევენ, ბიძინა ივანიშვილი კი უკვე მეორედ წავა ფორმალურად პოლიტიკიდან.
ინფორმაცია რუსთავი 2-ის ეთერში უარყო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, პარტიის ყრილობა დაგეგმილი არ არის.
"არავითარი ყრილობა არ არის დაგეგმილი", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ივანიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციაც მცდარია, - "ესეც იგივეა, ერთიანად შეგვიძლია ეს ინფორმაცია განვიხილოთ".
პირველად ივანიშვილი პოლიტიკიდან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ წავიდა. მაშინ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მაშინ ივანიშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას იკავებდა, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო საზოგაოდებაში გადაინაცვლებდა და მის გაძლირებაზე იზრუნებდა.
პოლიტიკიდან ივანიშვილის ფორმალური წასვლის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი არაფორმალური მმართველობის პრობლემაზე ალაპარაკდა. მათი შეფასებით, ივანიშვილმა საჯარო თანამდებობები პასუხისმგებლობებისგან გაქცევის მიზნით დატოვა, თუმცა ხელისუფლებასა და საპარლამენტო უმრავლესობაზე მარტვის სადავეებს კვლავ ინარჩუნებდა.
ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ 2018 წლის აპრილში განაცხადა. ოფიციალურად თავმჯდომარედ ის 11 მაისს გამართულ ყრილობაზე აირჩიეს. მას შემდეგ ივანიშვილი ამ თანამდებობას იკავებს.