logo
ENG



ნავალნის თქმით, მკვლელს დაურეკა და ის დანაშაულში გამოტყდა

21 დეკ 202021:11
3 წუთის საკითხავი
 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. 

ნავალნის თქმით, კონსტანტინ კუდრიავცევი არის სამხედრო ქიმიკოსი, რომელიც რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) კრიმინალისტიკის ინსტიტუტის თანამშრომელია. როგორც ნავალნი ვიდეოში ჰყვება, კუდრიავცევი სწორედ ის პირია, რომელსაც მისი ტანსაცმლიდან კვალის დაფარვა დაავალეს. 

ნავალნი ამბობს, რომ კუდრიავცევს სპეციალური პროგრამით დაუკავშირდა, რომელსაც პრანკერები იყენებენ. მისივე თქმით, საუბარი 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 

ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, კონსტანტინ კუდრიავცევის ხმა, რომელიც ნავალნის კითხვებს პასუხობს. ის იხსენებს ოპერაციის დეტალებს და იმას თუ რა შედიოდა მის მოვალეობებში. 

"25-ში ჩავედი ტომსკში, ადგილობრივმა ბიჭებმა, პოლიციამ, გადმომცეს ტანსაცმელი, უნდა გაგვექრო ყველანაირი კვალი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიგვექცია ქვედა საცვალსა და შარვალზე. ნავალნის კითხვაზე - როგორ აფასებს სხვა კოლეგების მუშაობას, სავარაუდოდ, კუდრიავცევი ამბობს, რომ დადებითად. ნავალნი ასევე ინტერესდება, თუ რატომ ჩავარდა ოპერაცია, რაზეც მოსაუბრე პასუხობს: "ყველაფერი გათვალისწინებული იყო, თუმცა მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი რამეები ხდება. ალბათ იმიტომ, რომ თვითმფრინავი მალე დასვეს და ჩატარდა პირველადი სამედიცინო დახმარება", - ისმის ნავალნის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ნავალნის განცხადებით, ამ საუბრით მტკიცდება რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) ჩართულობა მისი მკვლელობის ორგანიზებაში და ის, რომ მისი მოწამვლა რუსეთის პრეზიდენტის დავალება იყო. 

ნავალნი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს. 

 

ცნობისთვის, 14 დეკემბერს ალექსეი ნავალნი, იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც, პოლიტიკოსის ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა. როგორც ნავალნი მაშინ ჰყვებოდა, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი (კრიმინალისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქიმიკოსი, ექიმი) ან მასთან კავშირში მყოფია.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება რუსეთის პრეზიდეტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ნავალნი არავის მოუწამლავს, რადგან ის ამად არ ღირს. 

 

 

 


close დახურვა