logo
ENG



ალექსეი ნავალნი ამ წუთებში რუსეთში ბრუნდება

17 იან 202119:03
3 წუთის საკითხავი
clock 1841

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც აგვისტოში ნოვიჩოკით მოწამლეს, სამშობლოში ბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

მედიასაშუალების ცნობით, ნავალნის რეისი ბერლინიდან პირდაპირ მოსკოვის მიმართულებით სრულდება და პოლიტიკოსი ვნუკოვოს აეროპორტში ჩაფრინდება. 

ნავალნი რუსეთში მეუღლესთან ერთად ბრუნდება. CNN იტყობინება, რომ პოლიტიკოსმა თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ ყველა მგზავრს მადლობა გადაუხადა. 

"ყველას მადლობას გიხდით. იმედი მაქვს, იქ მშვიდობიანად ჩავფრინდებით", - თქვა ნავალნიმ

ამასთან, ნავალნიმ მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ მათ მისი აეროპორტში დახვედრა შეუძლიათ. პოლიტიკოსის თქმით, მისი რუსეთში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება სპონტანური იყო. 

ცნობისთვის, რუსეთში დაბრუნების შესახებ ალექსეი ნავალნიმ 13 იანვარს განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსი 5 თვის განმავლობაში გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. ომსკის ჰოსპიტალიდან ბერლინში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი - "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ომსკის ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ის კომიდან 15 სექტემბერს გამოვიდა და მას შემდეგ თავს კარგად გრძნობს.  

რაც შეეხება ნავალნის მოწამვლის ფაქტს: გასული წლის 14 დეკემბერს პოლიტიკოსმა, იმ ადამიანების ვინაობა გაასაჯაროვა, ვინც, მისი ინფორმაციით, მის მოწამვლაში მონაწილეობდა. ნავალნიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ჩატარებულ გამოძიებაზე დეტალურად ისაუბრა. 

როგორც ვიდეოში ნავალნი ჰყვებოდა, ყველა ის პირი, რომელიც მისი მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რუსეთის უშიშროების სამსახურის (ФСБ-ს) თანამშრომელი (კრიმინალისტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ქიმიკოსი, ექიმი) ან მასთან კავშირში მყოფია.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკოსის მტკიცებით, მისი მკვლელობის ორგანიზებაში ჩართულ ერთერთ პირს ესაუბრება. 


close დახურვა