logo
ENG



მეუფე ჯუზეპე: წარმოგიდგენიათ, რომ ვურეკავ ოჯახებს, მოდიხარ წირვაზე, პირადი ნომერი მომეცი?!

24 დეკ 202010:41
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/e6sp55o3r815pxw.jpg

საქართველოს კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე, რომ შობის ღამეს მრევლი საშვებით გადაადგილდეს და საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, განსხვავებით 7 იანვრისგან, 25 დეკემბრის ღამეს, როდესაც საქართველოს არადომინანტი რელიგიური ჯგუფები და მსოფლიო საქრისტიანოს უდიდესი უმრავლესობა ქრისტეს შობას აღნიშნავს, კომენდანტის საათი არ მოიხსნება. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ კონფესიებმა სასულიერო პირებისა და მრევლის მონაცემები შესაბამის სამსახურებს უნდა გადასცენ, რათა მათ ერთჯერადი საშვები მიიღონ და შობის ღამეს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის მიღება შეძლონ. 

როგორც "კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოსთან" საუბარში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, მსახურებაზე დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემურია.

ეპისკოპოსი ეჭვობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის ირიბი იძულება, რათა საეკლესიო მსახურება ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში განხორციელდეს.

"საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე?

მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო...? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება", - აცხადებს ეპისკოპოსი.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის შობის დღესასწაულზე შეზღუდვების არშემსუბუქებას საგანგაშოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. TDI-ში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების "დაუფარავად" დისკრიმინაციული მიდგომა უფრო რეპრესიული ქმედებების წინაპირობა შეიძლება იყოს. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები არადისკრიმინაციული მიდგომით შეემუშავებინა. 


close დახურვა