logo
ENG



ერთპარტიულმა პარლამენტმა მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა

24 დეკ 202019:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტმა, სადაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებიან, მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა.

ნდობის გამოცხადებას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა. უცვლელია მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის სრული უმრავლესობაც:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
  • თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
  • იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
  • ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.

მეათე მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან, ერთპარტიულია. ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს. გამონაკლისი ამ მხრივ პატრიოტთა ალიანსის სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც თქვა, რომ მანდატზე უარს არ ამბობს, და პარლამენტში მაშინ შევა, "როცა გადაწყვეტს". უცნობია პარტია მოქალაქეების ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ასევე გირჩის სამი წარმომადგენლის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი და გირჩის ლიდერები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი ხედავენ. უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი და რა შედეგით დასრულდება საბოლოოდ პროცესი. 

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა