logo
ENG



ხაზარაძე: იდეალურია, რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს, მაგრამ 2022-შიც შეიძლება

28 დეკ 202013:14
3 წუთის საკითხავი
 
ხაზარაძე: იდეალურია, რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს ჩატარდეს, მაგრამ 2022-შიც შეიძლება

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ იდეალურია, რიგგარეშე არჩევნები სრულად პროპორციული წესით 2021 წელს ჩატარდეს, თუმცა, მისი აზრით, შესაძლებელია, ეს 2022 წელსაც მოხდეს. 

მთავარი არხის ეთერში ხაზარაძემ თქვა: 

"იდეალურია, რომ 2021-ში მოხდეს ეს ყველაფერი, რისიც მე არ მჯერა, გულწრფელი უნდა ვიყო, მაგრამ მე მგონია, 2022-ში შესაძლებელია სრული პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. ეს იქნება გამოსავალი. 2024-ის არჩევნები, ჩვენი მოდელით. ეს არის ჩემი პირადი აზრი. ეს ყველაფერი სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და ხელისუფლებამაც უნდა გაიზიაროს, რომ გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის საარჩევნო კოდექსი და მთელი ეს გარემო შეიცვალოს, რაზედაც მინდა ვთქვა, რომ შეთანხმებასთან თითქმის ახლოს ვართ". - თქვა მან. 

2022 წელს რიგგარეშე არჩევნების დანიშნა სერბეთის მაგალითის გათვალისწინებას ნიშნავს. 2020 წლის ზაფხულში საპროტესტო გამოსვლების და ოპოზიციის მიერ არჩევნების პირველივე ტურიდან ბოიკოტის შემდეგ სერბეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, მომდევნო არჩევნები არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს დაენიშნა. 

სერბული მოდელის გამოყენება ურჩია საქართველოს ხელისუფლებას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა

X მოწვევის პარლამენტს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. მანამდე კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საპარლამენტო მუშაობაში მხოლოდ ერთი პარტია, ქართული ოცნება მონაწილეობს. მათ უკვე დაამტკიცეს მთავრობა. 


close დახურვა