ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად მხარეებს არჩევნების გადადების საკითხის შეთანხმებაში შეტანას სთავაზობს. ფორმულასთან ინტერვიუში იგი მმართველ ძალას სერბული მაგალითის განხილვას ურჩევს.
"ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი შევიდა შეთანხმების პროექტში, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო საარჩევნო სისტემა, როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო არჩევნების გამჭვირვალება. უთანხმოება ხელახალ არჩევნებს უკავშირდებოდა.
ჩემი შეთავაზებაა, შეიტანონ შეთანხმებაში არჩევნების გადადების საკითხი მომავალი წლისთვის და დაუბრუნდნენ მის განხილვას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ვურჩევდი მმართველ პარტიას, განიხილოს სერბული მაგალითი, სადაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებდა არჩევნებსა და პარლამენტს. რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ მოიპოვა უმრავლესობა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ სერბეთისთვის და მისი ინტეგრაციისთვის კარგი იქნებოდა არჩევნების არა 4, არამედ 2 წლის შემდეგ ჩატარება.
საქართველოში ორივე მხარეს სჭირდება დრო, გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში ვერც ერთი ვერ გაიმარჯვებს. ორივე მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ სიტუაციაში ორივე იქნება წაგებული და საქართველო დაკარგავს ინტეგრაციის შესაძლებლობებს", - ამბობს კუბილიუსი.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა V რაუნდის ჩატარების თარიღი უცნობია.
ოპოზიციის მოთხოვნებია პოლიტპატიმრების გამოშვება, ხელახალი არჩევნები და საარჩევნო სისტემის ცვლილება.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.
11 დეკემბერს გამართულ პარლამენტის გახსნით სხდომაზე დარბაზში მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები იმყოფებოდნენ.
რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ქართული ოცნების წევრების თქმით, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მათ საქმიანობაში ვერავინ ჩაერევა. თუმცა, პარლამენტის შეკრებამდე სასამართლომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გაათავისუფლა.
მათი გათავისუფლება სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.