logo
ENG



ისრაელის ელჩი მილოცვაში: ილია II ებრაული თემის მეგობარია, მნიშვნელოვანია მისი როლი ანტისემიტური გზავნილების გამო

04 იან 202121:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/04/czg1wo7ac5zcrvn.jpg

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, Facebook-ზე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. განცხადებაში ის ხაზს უსვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ებრაული თემის ერთგული მეგობარია და იხსენებს "რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტებს"

ელჩის თქმით, ილია მეორე საქართველოს საზოგადოების უდიდესი გამაერთიანებელი ძალაა. 

"ვულოცავ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს. მისი უწმინდესობა ისრაელისა და ებრაული თემის ერთგული მეგობარია. მისი, როგორც სულიერი წინამძღვრის, როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეების პირობებში და ასევე ახლახან რასისტული, ანტისემიტური და არატოლერანტული გზავნილების გავრცელების სამწუხარო ფაქტიდან გამომდინარე", - წერს გიდორი.

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანე გამრეკელმა ანტისემიტური ქადაგებისას ებრაელებს უწოდა "ქრისტიანთა მდევნელი" და "ურწმუნო მოდგმა". მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ "ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ". მან პარალელი გაავლო ებრაელებს, "ურწმუნო მოდგმასა" და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ. შემაშფოთებელია ამ კონტექსტში უფლებადამცველების "ეკლესიასთან მებრძოლებად" მოხსენიებაც. 

ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.

"ამგვარი სიტყვებით მოხსენიება ებრაელი ხალხის დემონიზაციაა და იმეორებს საშიშ სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქრისტეს მკვლელობისთვის მთელ ერს კოლექტიური პასუხისმგებლობა ეკისრება. [...]

საქართველოში მართლმადიდებელი მაღალი იერარქიის წარმომადგენელი სასულიერო პირების მხრიდან იუდაური რელიგიისადმი შეუწყნარებლობის გამოვლენა, იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის უგულებელყოფაცაა, რომელიც ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან აკავშირებს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

იოანე გამრეკელის ქადაგებას გამოეხმაურა საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია. მისი თქმით, იოანე გამრეკელს ანტისემიტური განცხადება არ გაუკეთებია. ლაშა ჟვანია ამტკიცებს, რომ "მეუფე იოანე მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე".

მისი თქმით, ეპისკოპოსი "ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება)".


close დახურვა