საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს. კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ დაცვის გარეშე დიდია მუტაგენური ვირუსის (ახალი შტამის) საქართველოში გავრცელების რისკი.
კლინიკების ასოციაცია მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს, გაატაროს შემდეგი ღონისძიებები:
"1) ვირუსით ინვაზირების შემცირების მიზნით სასურველია საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფლად დროულად დაიწყოს მოსახლეობის ტესტირება "კარდაკარის," პრინციპით, რის განხორციელებაშიც სამედიცინო პერსონალს უნდა დაეხმაროს თავდაცვის სამინისტროს და ეროვნული გვარდიის სანინსტრუქტორთა ჯგუფები;
2) ვირუსის მოსალოდნელი ახალი ტალღის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებელი გახდება თავდაცვის სამინისტროს აქტიური ჩართულობა, ამიტომ დროულად უნდა მოხდეს სამხედრო საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია და მათი სათანადოდ აღჭურვა;
3) მნიშვნელოვანია მინიმუმ სამი კვირით გადაიდოს ყველა სახის საჰაერო ფრენები და ვიზიტორთა მიღება ევროპის ქვეყნებიდან;
4)აუცილებელია უფრო მეტად გამკაცრდეს კონტროლი საბაჟოზე და საზღვარზე შემომსვლელთა მიმართ;
5) საშობაო ლიტურგიის პერიოდში რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია, გამოვიყენოთ პირბადე (როგორც სასულიერო ისე საერო პირებმა) და საზიარებელი ლითონის კოვზი თითოეული ზიარების შემდეგ გაწმენდილი იქნას ერთჯერადი სპირტიანი ხელსახოცით ან დამუშავდეს მაღალპროცენტული (96%-ნი სწრაფად აქროლადი) ეთილის (სამედიცინო) სპირტით;", - ნათქვამია ასოციაციის მიმართვაში.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით.
ჯამში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 233 879 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 223 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 666 გარდაიცვალა.