logo
ENG



რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს

07 იან 202113:56
3 წუთის საკითხავი
clock 1110

რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატსა და წლების განმავლობაში საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერეს. აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა. 

საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგულირებელი ორგანო მიიჩნევს, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს.  აქედან გამომდინარე, საჯარო რეესტრმა გადაწყვიტა, რომ აბუსერიძეს შეუჩერდეს სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილების ხარვეზის აღმსოაფხვრელად განისაზღვროს 30 კალენდარული დღე. 

იმ შემთხვევაში თუ აბუსერიძე 30 კალენდარულ დღეში შესაბამის დოკუმენტაციას არ წარადგენს, მას სარეგისტრაციო წარმოება შეუწყდება.

ირაკლი აბუსერიძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის ჩაბარების დროს ყველა საბუთი წესრიგში იყო.

"შეჩერებულია და მიზეზი არ ვიცი რატომ. ჩვენ ყველა დოკუმენტაცია ჩავაბარეთ და ჩაბარების დროს შეფერხება არ გვქონია. ახლა რატომ მოხდა არ ვიცი, ყველაფერს გავიგებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს დროის გაწელვის თემაა", - აცხადებს აბუსერიძე. 

ბაჩო ხურციძე კი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

"როდესაც ტარდება ყრილობა, შემდეგ ხდება გადაწყვეტილების რეგისტრაცია და რეესტრმა ეს არ დაარეგისტრირა იმიტომ, რასაც მე ვამბობდი - იყო უკანონო ყრილობა. ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ კანონიერი ყრილობა დანიშნულიყო და არ დაიჯერეს. დავბრუნდით ისევ უკან. მოგვიწევს მორიგი ყრილობის ჩანიშვნა. ხელახალი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი", - აცხადებს ხურციძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, 30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ რაგბის კავშრის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. მან 31 ხმა აიღო, ხოლო გოჩა სვანიძემ - 10. 

 

 


close დახურვა