ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მიღება საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის.
როგორც ის განმარტავს, აღნიშნული ვაქცინები -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს შენახული, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მიუწვდომელია.
ცერცვაძის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი AstraZeneca-ს ვაქცინაა:
"ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.
ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს",-ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე ასევე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა დაახლოებით ერთ თვეში შემოვა, თუმცა ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი რომელ ვაქცინას შემოიტანს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში.