logo

წარმომადგენელთა პალატა ტრამპის იმპიჩმენტს განიხილავს, 4-მა რესპუბლიკელმა მას მხარი დაუჭირა

13 იან 202123:10
3 წუთის საკითხავი
clock 426
2021/01/13/gwquknws9ic6i6o.png

წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას შენობასთან სამხედროების უპრეცედენტო მობილიზაციის ფონზე უყრიან კენჭს. განხილვებზე 4-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა უკვე განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, თუმცა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის გატანის შემთხვევაშიც კი, საბოლოო დამტკიცებამდე მრავალი პროცედურა იქნება გასავლელი. 

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ კანონპროექტი ორშაბათს 11 იანვარს დარეგისტრირდა. პროექტი ერთადერთ მუხლს შეიცავს - "ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების წახალისება". კანონპროექტის ავტორები აშშ-ის 45-ე, აწ უკვე მიმავალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 6 იანვრის ღამეს კაპიტოლიუმის შენობაში მისი მხარდამჭერების ძალადობრივი შეჭრის წახალისებაში სდებენ ბრალს. 

კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სამართალდამცველი კი დაშავდა. შენობაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მომიტინგეებს ტრამპმა თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა 3 თვის განმავლობაში პერმანენტულად გაჟღერებული ბრალდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჯო ბაიდენმა დაამარცხა, გაუყალბეს და თაღლითურად მოპარეს. ტრამპმა მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა, კონგრესის შენობასთან გადაენაცვლათ, რადგან კაპიტოლიუმში ორპალატიანი სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამერიკელ კანონმდებლებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინათ. 

"მეც თქვენთან ერთად წამოვალ", - განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს, თუმცა კაპიტოლიუმის შენობასთან მიმდინარე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა. 

სამაგიეროდ, შენობასთან მიიჭრნენ მისი მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ კონგრესს არჩევნების შედეგების დამოწმების უფლება არ ჰქონდა. 

აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამტყდარ ქაოსს მეორე დღესვე მოჰყვა იმპიჩმენტისკენ მოწოდებები.

კანონპროექტის დარეგისტრირებამდე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კონგრესმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენების და ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა, თუმცა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი პალატის თავმჯდომარისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა. 

რეზოლუციას მხარი დემოკრატების გარდა ილინოისის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ადამ კინზინგერმაც დაუჭირა. კინზინგერი იმ 4 რესპუბლიკელ კონგრესმენებს შორის არის, რომელმაც წარმომადგენელთა პალატაში მიმდინარე განხილვაზე უკვე განაცხადა, რომ იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს. 

იმპიჩმენტის პროცესი ამ დრომდე აშშ-ის 3 პრეზიდენტის წინააღმდეგ არის აღძრული - ენდრიუ ჯონსონის, რიჩარდ ნიქსონის და ბილ კლინტონის.

თავად ტრამპის წინააღმდეგ პირველად იმპიჩმენტის პროცედურები კონგრესმა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ტრამპის სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელშიც ტრამპი ზელენსკისგან ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების აღძვრას მოითხოვდა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების ბერკეტის გამოყენებით. 

პრეზიდენტ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებამდე, კანონპროექტი სენატმა უნდა მიიღოს, საქმისწარმოება დაიწყოს და შემდეგ კენჭისყრით გადაწყვიტოს, გაამართლებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, თუ გაამტყუნებს მას. 



close დახურვა