logo
ENG



ბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე: ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ

14 იან 202118:06
3 წუთის საკითხავი
clock 1298
ბოკერია ელისაშვილი-ხვიჩიას ინიციატივაზე: ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და პარტია გირჩის ლიდერების ინიციატივა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობებზე, "იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ". ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე აღნშნა, რომ იგი ამ ინიციატივას სერიოზულად არ განიხილავს" და არც ალეკო ელისაშვილს განიხილავს ოპოზიციის ნაწილად.  

"მოკლედ რომ ვთქვა, ამ ამბავს სერიოზულად არ განვიხილავ, ბატონ [ალეკო] ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად, პოლიტიკურად არ განვიხილავ. ვწუხვარ, რომ "გირჩი 2"-ის ხალხი აყვა მას გაუგებურ სიმულაციაში. რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ.

ვიღაც გვეუბნება, რომ მთავრობის ნაცვლად დაგველაპარაკება, ან არ დაგველაპარაკება იმაზე, როგორ უნდა მოიხსნას ბოიკოტი, ესეც ცუდი დიაგნოზია, ჩემი აზრით", - ამბობს გიგა ბოკერია და განმარტავს, რომ რიგგარეშე არჩევნები ან პირდაპირ უნდა დაინიშნოს, ან პლებისციტის გზით, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი. 

დღეს, 14 იანვარს მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძისგან გამიჯნულ გირჩის წევრებს შეხვდა. შეხვედრის ბოლოს ელისაშვილმა თქვა, რომ გეგმავს, შეხვდეს სტრატეგია აღმაშენებლის, ენმ-სა და ლელოს ლიდერებს.

ელისაშვილმა განმარტა, რომ მათი ინიციატივით, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება დამარცხდება ოპოზიციასთან ჯამურად, მაშინ 2022-ში დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

"გვაინტერესებს ოპოზიციის არგუმენტები, მისაღებია თუ არა ეს მათთვის. ქართულ ოცნებასთან კონსულტაცია არ გვაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ გვქონდეს", - ამბობს ის.

პარტია მოქალაქეების ლიდერმა ასევე თქვა, რომ გიგა ბოკერიას გარდა, პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, ის კონსულტაციას ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამართავს. როგორც ელისაშვილმა თქვა, მას გიგა ბოკერიას აზრი არ აინტერესებს.

შეხვედრაზე შესვლამდე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თუ ქართული ოცნება მათ პირობებს დათანხმდება, მზად არის, პარლამენტში შევიდეს. მის პირობებს შორის არ არის რიგგარეშე არჩევნები.

 


close დახურვა