პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევა ოპონენტებისთვის კარგია, რადგან კობახიძე პრობლემური ადამიანია და გუნდის შიგნით პრობლემებს შექმნის.
გოგიჩაიშვილის თქმით, კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა სასამართლო ხელისუფლების გამოც ხდება, რადგან ამ უკანასკნელს პოლიტიკური მხარდაჭერა ჭირდება.
"სასამართლოს სიმშვიდეს უფრო კობახიძე შეუქმნის, ვიდრე შექმნიდა გახარია ან ღარიბაშვილი. სასამართლოს სჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა. ივანიშვილის გარეშე, სახელისუფლებო პარტია პირველივე არჩევნებზე ძალიან მძიმედ დამარცხდება. კარგი ამბავი არის ის, რომ კობახიძე უნიჭო კაცია და პრობლემური ადამიანია. შესაბამისად, კობახიძე შიგნით შექმნის პრობლემებს. ოპონენტისთვის კარგია, როდესაც კობახიძეა თავმჯდომარე, რადგან ის გაუწონასწორებელია, უხეშია", - აცხადებს "ფორმულასთან" საუბარში გოგიჩაიშვილი.
ხვალ, 16 იანვარს ქართული ოცნების ყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. 11 იანვარს ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე წარადგინა.
თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა დატოვა.
ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლისა და მის ადგილზე კობახიძის დანიშვნის შესახებ ფორმულამ ექსკლუზიური ინფორმაცია 17 დეკემბერს გაავრცელა.