logo
ENG



თურნავა: სავარაუდოდ, თებერვალში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით

20 იან 202100:30
3 წუთის საკითხავი
clock 7221
თურნავა: სავარაუდოდ, თებერვალში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "იმედის" ეთერში შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები, სავარაუდოდ, თებერვლის თვეში მოიხსნება.

თურნავას თქმით, ფრენებზე შეზღუდვების მოხსნა არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი.

"იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონკრეტული კონტროლირებადი - ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც თანდათან უკვე იწყება ვაქცინაცია", - განაცხადა თურნავამ.

საქართველოს ცა 2020 წლის გაზაფხულზე 18 მარტს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აიკრძალა. მას შემდეგ რეგულარული ფრენების აღდგენა რამდენჯერმე გადაიდო. სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები. ნოემბრიდან რეგულარული ფრენები 14 მიმართულებით აღდგა, ავიაციის სააგენტომ კი ავიაკომპანიებს ამ მიმართულებებზე რეგულარული ფრენის უფლება მისცა. თუმცა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ საქართველო, ეპიდვითარების გაუარესების გამო წითელ ზონად გამოაცხადა, რის გამოც არაერთი ფრენა გაუქმდა.


close დახურვა