logo
ENG



"ქუჩაში დავდივარ და ვათენებ" - მოქალაქე ამბობს, რომ უსახლკაროა და 2000 ლარით დააჯარიმეს

22 იან 202100:12
3 წუთის საკითხავი
clock 4437
2021/01/22/3xc9pthlxc599gv.jpg
Facebook Live/ნინა საჯაია

მოქალაქე ამბობს, რომ უსახლკარობის მიუხედავად, პატრულმა ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმა. ამაზე ის გირჩი TV-ს ჟურნალისტის, ნინა საჯაიას ფეისბუქლაივში საუბრობს. ვიდეოში ჩანს რომ მოქალაქეს ხელში უჭირავს ქვითარი და აცხადებს, რომ პატრულმა ჯარიმა ჯერ 20 იანვარს გამოუწერა და 21 იანვრის ღამესაც გააჩერა ქუჩაში ყოფნის გამო.

"არ მაქვს არც სახლი, არც კარი და არც არაფერი, საქართველოს გულისთვინა, მე სულ ყველაფერი დამიკარგია. [...] ქუჩაში დავდივარ და ვათენებ, ძმაო. [...] აგერ 2000 ლარიანი ჯარიმა ხომ მაქვს, კიდე 2000-ით დამაჯარიმეთ, მერე აიღეთ და მესროლეთ, მომკალით", - ეუბნება მოქალაქე პატრულის თანამშრომელს, რომელიც ამბობს, რომ მის მონაცემებს ამოწმებს.  

როგორც ნინა საჯაია წერს, თავად გადაადგილების საშვი აქვს და გარეთ პირადი მიზეზით გავიდა, რა დროსაც ქუჩაში მოქალაქემ შემწეობა სთხოვა. მისივე თქმით, სწორედ ამ დროს მივიდა მასთან პოლიცია. ნინა საჯაიას ინფორმაციით, საბოლოოდ, მოქალაქე პატრულმა განყოფილებაში გადაიყვანა.

ფორმულა შსს-ს დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ნოემბერში მოუწოდა საპატრულო პოლიციას, ე.წ. კომენდანტის საათის დროს შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება; ასევე, მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება.


close დახურვა