შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მისი პირველი მოადგილის, კახა საბანაძის ჩანაცვლებას გეგმავს, რომელიც პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას კადრია. კერძოდ, საბანაძეს თანამდებობას ატოვებინებენ და ქალაქის პოლიციის სამმართველოს მოქმედი ხელმძღვანელით შეცვლას უპირებენ.
ამასთან, დედაქალაქის პირველი პატრული ვაჟა სირაძე საქმიანობას ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს. თავის მხრივ სირაძეს აჭარის სამხარეო პოლიციის მოქმედი უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი შეცვლის.
გარდა ამისა, გომელაური ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე მოიაზრებს ადამიანს, რომელსაც იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა. ნიკოლოზ სამარღანიშვილი ერთერთია იმ პოლიციელებს შორის, ვისზეც ვაზაგაშვილი ღიად საუბრობდა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, უწყებაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში კლანურ გარჩევებს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, უწყებაში ოლიგარქის გავლენების გამყარებას უკავშირდება.