logo
ENG



მდინარაძის თქმით, 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციონერების მანდატების გაუქმებას უყრის კენჭს

25 იან 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock 786
მდინარაძის თქმით, 2 თებერვალს პარლამენტი ოპოზიციონერების მანდატების გაუქმებას უყრის კენჭს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრიან კენჭს. მისი თქმით, მანამდე, 27-28 იანვარს ამ საკითხს კომიტეტზე დააყენებენ. 

"პარლამენტის ორ წევრს, შალვა ნათელაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს, განცხადება შემოტანილი ჰქონდათ ერთი დღით ადრე, ვიდრე დანარჩენებს, შესაბამისად, 27 იანვარს, დღის განმავლობაში არის ბოლო ვადა, როცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, 28 იანვარს განიხილება ყველა დანარჩენის. 

შემდეგ ყველა ეს განცხადება დაუყოვნებლივ წარედგინება ბიუროს და 2 თებერვალს პარლამენტი კენჭს უყრის ყველა მათგანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილებას.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივცეთ ასევე მაქსიმალური ვადა იმისათვის, რომ მათ მიიღონ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება. ვიდრე პარლამენტი განიხილავს მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, ამოვწურეთ ბოლომდე ვადა", - განმარტავს მამუკა მდინარაძე. 

მე-10 მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან ერთპარტიულია. ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ.

პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს. გამონაკლისი ამ მხრივ პატრიოტთა ალიანსის 2 წარმომადგენელია. მათგან ერთი პარტიული სიის მე-4 ნომერი ავთანდილ ენუქიძეა, რომელმაც თქვა, რომ მანდატზე უარს არ ამბობს, და პარლამენტში მაშინ შევა, "როცა გადაწყვეტს". რაც შეეხება მეორე წევრს, ის გელა მიქაძეა, რომელმაც ფორმულანიუსის ინფორმაციით, პარლამენტში შესვლა მმართველ გუნდთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა.

ამ დრომდე უცნობია პარტია მოქალაქეების ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ასევე გირჩის სამი წარმომადგენლის - იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა