logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი წევრი აპირებს

24 დეკ 202017:53
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულანიუსის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასა და პატრიოტთა ალიანსს შორის გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა.

შეთანხმების შედეგად, ავთანდილ ენუქიძის შემდეგ, პარლამენტში შესვლას პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთი წევრი ზაზა გელა მიქაძეც გეგმავს. ამ გზით პარტიას დაფინანსება არ შეუწყდება, რადგან ქართულმა ოცნებამ დაფინანსების შესახებ კანონპროექტში შესწორება შეიტანა და ახლა დოკუმენტში წერია, რომ "დაფინანსებას იღებს ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს".

თუ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის 2 წევრი შევა, ამ შემთხვევაში პარტია ზემოხსენებულ პირობას დააკმაყოფილებს, რადგან მათ ჯამში 4 მანდატი აქვთ.

რაც შეეხება ზაზა მიქაძეს, ის პატრიოტთა ალიანსის სიის მე-5 ნომერია. მიქაძეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შანსი მაშინ გაუჩნდა, როდესაც პარტიამ არ ჩახსნა სია და ამავდროულად, პარტიის სამმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა. მიქაძე, შესაძლოა, გიორგი ლომიას ადგილმონაცვლის სტატუსით შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.

თავად ზაზა გელა მიქაძე ფორმულას ზარებას არ პასუხობს. პარტიის წევრი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ მიქაძის პარლამენტში შესვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, ადრეა საუბარი საკანონმდებლო ორგანოში ადგილმონაცვლეობით ვინმეს შესვლაზეც, რადგან ჯერ არც იმ დეპუტატების მანდატებია გაუქმებული, რომლებმაც შესაბამისი განცხადებები უკვე დაწერეს. თუმცა, თევდორაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას  ვინმეს გადაბირება და მოსყიდვა სურს: 

"ქართული ოცნება სხვაგვარად ვერ უკეთებს ლეგიტიმაციას ამ გაყალბებული არჩევნებით მოსულ პარლამენტს. მას სურს ვინმე გადაიბიროს, მოისყიდოს, ეს არის მათი მექანიზმი და არა ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ზრუნვა. ჯერ ჩვენი უფლებამოსილება შეწყვეტილი არ არის, ვინც განცხადება დავწერეთ და ამიტომ ახლა ამ თემაზე საუბარი მოგონილ თემაზე საუბარია. 3-4 მანდატი გვქონდა სულ ამ გაყალბებით მოწვეულ პარლამენტში და აქედან 3-მა მივმართეთ განცხადებით, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

კითხვაზე, რატომ მოხდა კანონპროექტში შესწორების შეტანა, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს უფრო "სამართლიანი მიდგომაა".

"სამართლიანი მიდგომა, რომ ამ შემთხვევაში ნახევარზე მაინც არის აქცენტი გაკეთებული. ვთქვათ, თუ 4 დეპუტატით არის წარმოდგენილი, 2 მაინც უნდა სარგებლობდეს უფლებამოსილებით", - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, უკავშირდება თუ არა ცვლილება პატრიოტთა ალიანსს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს რომელიმე სუბიექტზე მორგებით არ იღებენ.

"ჩვენ არცერთ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ რომელიმე სუბიექტზე მორგებით. ეს არის პოლიტიკური თუ სხვა მიმართულებით. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელმაც უნდა იმუშაოს არა მხოლოდ დღეს და ხვალ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

მეათე მოწვევის პარლამენტი, შეკრების დღიდან, ერთპარტიულია. ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების უმრავლესობამ საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად თქვა უარი და პარტიული სიებიც გააუქმეს.

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოხერხდა. უცნობია, როდის არის დაგეგმილი შემდეგი, მე-5 რაუნდი.

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნების სრული სია იხილეთ აქ.


close დახურვა