logo
ENG



"კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა მინდოდა" - ზილფიმიანი ხსნის, რატომ იცვლება რეგლამენტი

25 იან 202115:08
3 წუთის საკითხავი
clock 907

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესული დეპუტატი, ევროპელი სოციალისტების ლიდერი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ რეგლამენტი მისი ინტერესების სასარგებლოდ იცვლება.

როგორც მან აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში განათლების ან საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობა სურს, თუმცა არსებული რეგლამენტი ამის საშუალებას არ იძლევა.

"მე ორ კომიტეტზე განვაცხადე, ერთი მეცნიერება და განათლებაა ჩემი წარსულიდან გამომდინარე, მეორეც ისევ ჩემი ურთიერთობებიდან გამომდინარე უცხოეთთან, გადავწყვიტე საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმეღო მონაწილეობა და მოკლედ, ერთ-ერთგან მოადგილის ვაკანსია უნდა დამეკავებინა. მითხრეს, რომ რეგლამენტი არ იძლეოდა ამის საშუალებას", - განაცხადა ზილფიმიანმა.

დღეს, 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტარებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ, ვიცე-სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილედ საკუთარი კანდიდატები წარადგინონ. გარდა ამისა, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო გაეზრდებათ 15 წუთამდე.


close დახურვა