logo
ENG



ბარამიძე: სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ მხარდამჭერებს ბოდიში უნდა მოუხადონ

25 იან 202120:10
3 წუთის საკითხავი
 
ბარამიძე: სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ მხარდამჭერებს ბოდიში უნდა მოუხადონ

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე საკუთარ თანაგუნდელებს - რომან გოცირიძესა და სალომე სამადაშვილს მოუწოდებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ.

როგორც ბარამიძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

"არ შეიძლება და უნამუსობაა საკუთარი მხარდამჭერის, რომელიც დღე და ღამე ყინვაში იქ არის, გამუნათება ასეთი მაღალი მორალური პრედესტალებიდან. თუკი ჩვენ მათ მიმართ რაიმე შენიშვნა გვაქვს, ძალიან დიდი მოკრძალებით და მოწიწებით უნდა ვთქვათ ეს და არ უნდა ვუწოდოთ უნამუსოები, ლაჩრები, ბრბო - ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, რომ ბოდიში მოუხადონ ჩვენ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებზეც ყველანი ვართ დამოკიდებული, თუ უნდათ, რომ იყვნენ მათი წარმომადგენლები პოლიტიკაში. ამ ადამიანებზე ვდგავართ პოლიტიკურად ჩვენ, თუ ვინმე ნაციონალური მოძრაობის ლიდერს გვეძახის, ვდგავართ ამ ადამიანების მხრებზე პოლიტიკურად და ქვემოთ ფურთხების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, 24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციის ალტერნატივა წევრმა ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ფორმით მან ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გააპროტესტა. ფანგანი დღეს გაათავისუფლეს, სასამართლო სხდომა კი, ხვალ არის ჩანიშნული.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას ამართლებს". მანვე აღნიშნა, რომ "ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არა გმირობა, არამედ ლაჩრობაა". რაც შეეხება რომან გოცირიძეს, მან მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა: "ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი".


close დახურვა