logo
ENG



მდინარაძე: გუნდის გადაწყვეტილებაა - ოპოზიციას მოთხოვნის მიხედვით შეუწყდება მანდატები

27 იან 202114:07
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: გუნდის გადაწყვეტილებაა - ოპოზიციას მოთხოვნის მიხედვით შეუწყდება მანდატები

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათივე განცხადებების საფუძველზე, მანდატები შეუჩერდებათ. 

თუმცა, მისივე თქმით, შესაბამის კენჭისყრამდე ერთი სხდომა კიდევ ერთხელ ჩატარდება, შესაბამისად, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ მისცემენ გარანტიას, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება. 

"ბუნებრივია, მათ შეუწყდებათ უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე. რა თქმა უნდა, ერთ სხდომა ამ გადაწყვეტილების წინ იქნება აუცილებლად ჩატარებული, მაგრამ ვერანაირ გარანტიას ვერ მივცემ ვერცერთ წარმომადგენელს ოპოზიციიდან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამიტომ, თუ რეალურად, სხვანაირად ფიქრობენ, საზოგადოებასაც უთხრან ის, რასაც ფიქრობენ და არა რაღაც შეთქმულების თეორიების ძებნა. პირადი მოსაზრება შეიძლება მეც ცოტა სხვანაირი მქონდეს, მაგრამ მათ აქვთ გამოხატული პოზიცია და მათი გამოხატული პოზიციის შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გავახმოვანეთ". - თქვა მან. 

ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის განცხადების მიუხედავად, რომ მანდატების შეჩერებაზე გუნდური გადაწყვეტილებაა მიღებული, ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს, მხარი დაუჭუროს ოპოზიციის მანდატების გაუქმებას.  

იმ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, ბოიკოტის რეჟიმში რჩება და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. მათ შესაბამისი განცხადებებით პარლამენტს დიდი ხანია, მიმართეს, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მათთვის მანდატების შეწყვეტას ჯერ კენჭი არ უყარა. 

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერია პარტია გირჩის ერთ-ერთ განაყოფს - იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ისინი პარლამენტში შესვლის საკითხს განიხილავენ. პარლამენტში შევიდნენ პარტიოტთა ალიანსის სიით მოხვედრილი ადამიანები, რომლებმაც სხვა პარტია, ევროპული სოციალისტები დააფუძნეს. 


close დახურვა