logo
ENG



თალაკვაძე კარტოგრაფებზე: ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან განხილვაში ვერ და არ შევალთ

27 იან 202115:54
3 წუთის საკითხავი
 
თალაკვაძე კარტოგრაფებზე: ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან განხილვაში ვერ და არ შევალთ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ განიხილება კარტოგრაფების საქმე. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება ოპოზიციის ერთერთი მთავარი მოთხოვნაა.

თალაკვაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ კონკრეტული პირების პატიმრობაში ყოფნისა და გათავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება.

"პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ გათავისუფლდეს. ეს არის ცალსახად მართლმსაჯულების სისტემის საქმე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვერავითარ განხილვაში ოპოზიციასთან ვერ და არ შევალთ, ვინაიდან პატივს ვცემთ კანონის უზენაესობის პრინციპს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მან მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოწოდებებს "ღიმილის მომგვრელი" უწოდა.

"ოპოზიცია მოლაპარაკებისკენ ჩვენ რომ მოგვიწოდებს, ეს რა საკვირველია, ღიმილის მომგვრელია. თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სწორედ ოპოზიციის შიგნით ჰქონდა ადგილი საუბარს, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც დანარჩენებს, რომ უნდა ჩაშლილიყო პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი და შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი რადიკალი ლიდერი ამბობდა, შევუთანხმდეთ ქართულ ოცნებას და მერე ჩვენ ჩვენი პირობები არ შევასრულოთო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი ხვალ, 28 იანვარს გაიმართება. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მათი მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

მანამდე, გამოძიების დასასრულს, პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები ივერი მელაშვილის მონაწილეობით. დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები, პირიქით, ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს, მის გამოძიების ბოლო ეტაპზე გამოქვეყნებას კი პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა