logo
ENG



თურნავა: მკაცრი კონტროლი იქნება, რომ ეს იყოს კაფეს სტუმრობა და არა დიდი ღონისძიება

29 იან 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock 404
თურნავა: მკაცრი კონტროლი იქნება, რომ ეს იყოს კაფეს სტუმრობა და არა დიდი ღონისძიება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ხელისუფლება რესტორნების გახსნის კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს, რადგან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს თარიღი შესაძლოა უფრო "ოპტიმისტური" იყოს.

თურნავას თქმით, ყოველ კვირას მთავრობა განიხილავს სხვადასხვა შეზღუდვების გაუქმებას ან შემსუბუქებას და მიიჩნევს, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს. 

"ეტაპობრიობა უნდა ახასიათებდეს ჩვენს ნაბიჯებს. იხსნებიან მოლები, ბაზრობები, ვსაუბრობთ სკოლებზე, ტრანსპორტზე, და იმედია არ მიწყენენ რესტორნები, ტრანსპორტი არის არანაკლებ და უფრო მეტად პრიორიტეტულიც, რადგან მეტ ადამიანს ეხება.

ავუხსენით მათ ჩვენი ლოგიკა, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღების დასახელებას. შეიძლება, ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, მაგრამ ყოველ კვირას ხდება ტენდენციის გადახედვა. აქედან გამომდინარე, კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს. მესმის მათი პროტესტი, და ეს არ არის რაღაც პოლიტიზირებული აქტი, და მაქსიმალურად ვეცდებით, გავხსნათ ღია სივრცეები რესტორნებში", - აღნიშნა თურნავამ

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ რესტორნების გახსნა "საკმაოდ დიდ რისკებს უკავშირდება" და ეს განპირობებულია იმით, რომ რესტორნის შეგნით ადამიანები ვერ იყენებენ პირბადეებს

თურნავა ამბობს, რომ რესტორნების გახსნის შემდეგ მათზე მკაცრი კონტროლი დაწესდება. 

"მკაცრი კონტროლი იქნება, რომ ეს იყოს კაფეს სტუმრობა და არა დიდი ღონისძიება. მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ პერსონალი სავალდებულო ტესტირების ობიექტი იყოს. თუ დავინახეთ, რომ ეს ნაბიჯი გართულებას იწვევს, მოგვიწევს გადახედვა", - ამბობს მინისტრი. 

ხვალ, 30 იანვარს 100-ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად მიტანის სერვისს გათიშავს. აქციაში მონაწილე რესტორნების რაოდენობა ამ დრომდე იზრდება.


close დახურვა