logo
ENG



ეპისკოპოსი იაკობი კარტოგრაფებზე: ჭკვიანად იყვნენ, სადმე ომი თუ იყო, ყველგან ნაომარი ვარ

31 იან 202114:40
3 წუთის საკითხავი
 

კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი სასულიერო პირი გამოდის.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობ იაკობიშვილმა კარტოგრაფები არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთაა და დაემუქრა.

"აბა წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს მაგი გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს, მისი ოჯახიც. გმირად მიიჩნევდი რის გამო, ციხეში რომ არის დაჭერილი? ციხეში ვის არ იჭერენ. საერთოდ საოცარი კომისიაა, მეორე წევრია ქალბატონი და სახელმწიფო ენა არ ისწავლა, მარტო რუსული ენით გველაპარაკებოდა. აბა შეიძლება? ასეთ საქმეებს ვის ანდობთ?

ერთი, რომელიც წინასწარ განზრახულად იძახის, რომ სხვისია ეს მიწა... ვინა ხარ ვინ გეკითხება შენ, სადაც ხარ იქ დაეტიე რა... ჯერ კარტოგრაფიც არა ხარ, მიწათმომწყობი ხარ. მართლა ეკლესიაში რომ ვართ ის ხომ არ ჰგონიათ, ჩვენ კაცობაც ვიცით და ყველაფერი. თუ სადმე ომი ყოფილა, ყველგან ნაომარი ვარ მე და ჭკვიანად იყვნენ, ამით კი არ ვემუქრები... რა აქვთ გაკეთებული? მოდიან ხელისუფლებაში და ფულს შოულობენ, ტკბებიან სკამებით", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კარტოგრაფების მიმართ გამოძიების დაწყების დროიდანვე მბრალმდებლის მხარეს გვევლინება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ანდრია ჯაღმაიძე, ასევე სხვა მაღალიერარქები ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას მოღალატეებად აცხადებენ. 

28 იანვრიდან,  ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოთი გათავისუფლების შემდეგ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები ფეისბუქში კოორდინირებულად მოქმედებენ და კარტოგრაფების დისკრედიტაციას ცდილობენ. 

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. ისინი საქართველოს ხელისუფლების მიერ 1995 წლიდან გაცხადებული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდნენ. 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულია საზღვრის 446 კილომეტრიანი ზოლიდან 294 კილომეტრი, 152 კილომეტრი - შეუთანხმებელი. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის 16 ტაძრიდან 3 - ჩიჩხიტური, უდაბნო და ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მას შემდეგ მოექცა, რაც 1922 წელს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ყარაის ველი დაუთმეს. 1994 წლიდან აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენაზე ორმხრივი კომისია მუშაობს. კომისიას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. 

2020 წლის 7 ოქტომბერს პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

უწყება ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან". 

პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. ფორმულას წყაროს ინფორმაციით, რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით მოიპოვა.

1 : 2 000 000-იანი მასშტაბის რუკა, რომლის არგამოყენებასაც პროკურატურა კარტოგრაფებს ედავება, ტერუტორიაზე არსებულ რეალობას არ შეესაბამება და 300-800 მეტრიან ცდომილებას იძლევა.

ბრალდების მხარის მიერ სწორად მიჩნეული რუკის არასწორობა დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ მიეცათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, დაიღრვა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. ამასთან დაკავშირებით დარღვევა სახალხო დამცველმა დაადგინა. პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ ამაზე მოკვლევას დაიწყებს.


close დახურვა