logo
ENG



ვრცელდება ვიდეო, რომ ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

01 თებ 202100:40
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/01/hysrupzxqdhuy5v.png

ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მერიის შენობის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ვიდეოსა და ინფორმაციას ადგილობრივი მედია ათინათი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფორმაცია ჯერ მოქალაქემ გაავრცელა, შემდეგ კი ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.

"პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში - ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ არ მოიძებნა მერიის შენობაში არავინ, ვინც, შეაჩერებდა ამ მარაზმს და ბავშვებს არ მოუწევდათ იმ სიბინძურის წმენდა", - წერს მოქალაქე.

ათინათის ინფორმაციით, რესურსცენტრში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს:

"ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დაზუსტებული არაა, როგორ, რანაირად, პოლიცია უკვე იძიებს, სამინისტროს ვაცნობეთ და მოკვლევის ეტაპზე ვართ. ბავშვებს როცა შევხვდი, ნაწილი ამბობს, რომ სათამაშოდ წაგვიყვანესო, ნაწილი კი რომ დასასუფთავებლად იყვნენ. ცუდი ფაქტია, მით უფრო კორონავირუსის პირობებში. აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბოლომდე. სკოლის პოზიცია ისაა, რომ მოვიდნენ გავაყოლეთ ბავშვები, გვეგონა, რომ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია და დაუფიქრებლად გადავდგითო ეს ნაბიჯი. მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.


close დახურვა