logo
ENG



მოსწავლეების მიერ საპირფარეშოს დასუფთავების გამო, აქტივისტები ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვენ

01 თებ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერიასთან ამ წუთებში აქციას მართავენ და მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, მოსწავლეებისთვის საპირფარეშოს იძულებით დასუფთავების შემდეგ მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ჩხოროწყუს ერთერთი სკოლის მოსწავლეებს მიერ მერიის შენობის საპირფარეშოს დაასუფთავების კადრები გუშინ, 31 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

აქციის პარალელურად მერიაში დავით გოგუა სხდომას მართავს და რამდენიმე დღის წინ მოსწავლეების საპირფარეშოების დასუფთავებისთვის წაყვანას განიხილავს. მერიასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

როგორც სხდომის დაწყებამდე გოგუამ ფორმულას განუცხადა, ის კადრების გავრცელებისთანავე დაინტერესდა საქმის ვითარებით. გოგუას თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც ჩხოროწყუს მერიის შენობაში ერთერთი სკოლის მოსწავლეებს საპირფარეშო დაასუფთავებინა. 

"ეს მიუღებელი ფაქტია. ამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება გვქონდა, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. მე მოკითხული მაქვს ეს საქმე და ჩართულიც ვარ, რომ ყველაფერი ბოლომდე მივიდეს. ვისი ბრალეულობაც იქნება, ყველა უმკაცრესად დაისჯება", - აცხადებს ჩხოროწყუს მერი. 

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ თუ სად მიდიოდნენ ბავშვები და როგორც კი საქმის დეტალები გაიგეს, ინფორმაცია შსს-ს მიაწოდეს.

"მოვიდა ქალბატონი, გამგეობას აქვსო ეს პროექტი და რამდენიმე სკოლა იღებს მონაწილეობასო, დავუჯერეთ და ბავშვებიც სიამოვნებით წავიდნენ. რა პროექტებზე და დასუფთავებაზეა საუბარი პანდემიის პირობებში. მე წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა, მესამე დღეს მშობელმა ჩამიგდო ვიდეო. როგორც კი გავიგე, ვაცნობე სამინისტროს, დამავალეს ამ ყველაფრის მოკვლევა", - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

თავის მხრივ, მოსწავლეები ფორმულასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ, რომ საპირფარეშოების დასასუფთავებლად მიყავდათ. ბავშვების თქმით, ისინი საპირფარეშოების დასასუფთავებლად ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა. 

"სკოლიდან წაგვიყვანა ეთერ ჯაფარიძემ. შეგვიყვანა მერიაში, დავასუფთავეთ დარბაზი. შემდეგ ორმა ბავშვმა მოისმინა, რომ საპირფარეშოში შესულიყვნენ. იქ რაღაც დაასხეს, საშინელი ქაფი იყო, პოლისჯოხით რაღაცას აკეთებდნენ, შემდეგ ის აკეთებდა, ჩვენ რომ ვერ გავაკეთეთ", - აცხადებს ერთერთი სკოლის მოსწავლე.

მერის თქმით, ეთერ ჯაფარიძე მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია და მას ხელშეკრულება 31 დეკემბერს ამოეწურა.

თავად ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ მომხდარს არ ნანობს.

"დასანანი აქ არაფერია. როცა მთლიანად აქცია კეთდება და დედამიწის დღეს ორდღიანია და ყველა ბავშვები ტყესა და ღრეში რომ არიან, ის დანაშაული არის თუ არა?", - აცხადებს ჯაფარიძე.

ამასთან, მიუხედავად მერის განცხადებისა, რომ ჯაფარიძეს 31 დეკემბერს ამოეწურა ხელშეკრულების ვადა, ჯაფარიძის აცხადებს, რომ ის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მისი თქმით, ეთერ ჯაფარიძემ განუცხადა, რომ იყო დასუფთავების პროექტი და ამ პროექტში სხვადასხვა სკოლები იყვნენ ჩართულნი. დირექტორის თქმით, მისი ინფორმაციით, ჯაფარიძე დასუფთავების თანამშრომელი იყო.

"ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ბავშვებს, რომ მსგავსი რამის გაკეთება მოუწევდათ, იქ ნათქვამი არ იყო", - აცხადებს დირექტორი.

 

 

 


close დახურვა