პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შეზღუდვების სწრაფი მოხსნით არავინ არის დაინტერესებული ისე, როგორც პირადად ის და მთავრობა.
თუმცე, მისივე თქმით, ბალანსის დაცვა აუცილებელია, რადგან ნაჩქარევი და არაგონივრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდება საჭირო.
"არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული იმ შეზღუდვების სწრაფი მოხსნით, როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად მე. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა, არის პირდაპირი მიზეზი იმისა, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით", - განაცხადა პრემიერმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტული სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაა.
"იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ რიგში უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნა და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, პრემიერის თქმით, მთავრობა მუშაობას ასრულებს გეგმაზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ქვეყანამ ტურისტების პირველი ნაკადი გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მიიღოს.
"უკვე ვასრულებთ მუშაობას გეგმაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყოთ ნაბიჯები იქეთ, რომ ნელ-ნელა, ქვეყანა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შევძლოთ პირველი ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური, შეგვიძლია გავაკეთოთ, ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ. არ უნდა ვიჩქაროთ რაღაც მოკლევადიანი, სწრაფი შედეგების მისაღწევად და არ უნდა ვიჩქაროთ იმისთვის, რომ მარტო ჩვენი ინტერესი არ უნდა გავითვალისწინოთ. კარგად მესმის კომპანიების, რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სექტორში დაკავებული სხვა სფეროების, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე. ეს უნდა გავაკეთოთ ერთად", - თქვა გიორგი გახარიამ.
დღეიდან თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ასევე სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.
