logo
ENG



მდინარაძე ამბობს, რომ ივერი მელაშვილზე თავდასხმა "წინა ხელისუფლების ხელწერაა"

01 თებ 202123:42
3 წუთის საკითხავი
clock 1223
2021/02/01/9d6b7h6w5jna8t0.jpg

"წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს", - ასე უპასუხა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ფორმულას კითხვას ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმით თავდასხმა მიუღებელია და ამას ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს.

"არანაირი თავდასხმა, ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, არ არის მისაღები თანამედროვე საზოგადოებისთვის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის და ბუნებრივია, ამას უნდა გაემიჯნოს ყველა, ეს იქნება ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ნებისმიერი სხვა რიგითი მოქალაქე. ყველანაირ თავდასხმას ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქე უნდა გაემიჯნოს.

რაც შეეხება წახალისებას, მე ამ კითხვას არ მივიღებდი. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია დღევანდელ სიტუაციაში ქართული ოცნების დამოკიდებულება ადამიანების მიმართ იძლეოდეს იმის თქმის და თუნდაც კითხვის დასმის საშუალებასაც კი, თუმცა ეს თქვენი საქმეა, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცას ახალისებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს წინა ხელისუფლების ხელწერაა, ჩვენ მსგავსი ხელწერა არ გვახასიათებს", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის, დღეს, 1 თებერვალს, ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში თავს დაესხნენ. მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას "მოღალატე" უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. ფორმულას ჟურნალისტის მიერ გადაღებულ კადრებში ისმის, რომ ადამია მელაშვილს ეუბნება: "ქვეყანაში სამართალი არსებობს და მას დანაშაული ფაქტებით დაუდასტურდება". ფორმულას ინფორმაციით, ბაქარ ადამია ფეხბურთელი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. 


close დახურვა