თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ პრიმაკოვის ფონდის ქართული ოფისის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებას, მისი მიერვე მოწმედ მოყვანილი, მიწათმოქმედების კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი, ზურაბ ბოჭორიშვილი უარყოფს.
ლორთქიფანიძემ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვამდე განაცხადა, რომ ბოჭორიშვილს კეზერაშვილმა 1938 წლის რუკების საცავიდან გაქრობის მიზნით, მათი ადგილმდებარეობა სპეციალურ თათბირზე გამოჰკითხა.
ლორთქიფანიძეს ბრალდების მოწმედ თავად ბოჭორიშვილი მოჰყავს, რომელმაც, მისი მტკიცებით, რუკების საცავიდან გაქრობის შემდეგ მას უთხრა, რომ წინა ხელისუფლების განზრახვის ცნობის შემთხვევაში, კეზერაშვილს საცავების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდიდა.
"ეჭვადაც არ მქონდა, რომ, როდესაც მე ამ ინფორმაციას ვაწვდიდი თავდაცვის მინისტრსო, ეს მოგვიტრიალდებოდა იმით, რომ შემდგომში ამ რუკებს წაიღებდნენ საცავებიდანო", - ამბობს ლორთქიფანიძე ბოჭორიშვილის შესახებ.
თუმცა, ლორთქიფანიძის ბრალდების მოწმემ, მიწათმოქმედების კვლევითი საპროექტო ინსტიტუტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ზურაბ ბოჭორიშვილმა, რომელსაც, ლორთქიფანიძის მტკიცებით, კეზერაშვილმა რუკების ადგილმდებარეობა გამოჰკითხა, ფორმულასთან აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს არასოდეს შეხვედრია.
"რაებს მაკადრებთ. ჩემს სიცოცხლეში კეზერაშვილს არ შევხვედრივარ. თუ [ლორთქიფანიძე] მაგას ამბობს, შევხვდები და ვეტყვი, რაც ეკადრება, მაგის გულისთვის", - აცხადებს ლორთქიფანიძის მიერ მოწმედ მოყვანილი ბოჭორიშვილი ფორმულასთან.
ბოჭორიშვილის თქმით, საცავში შენახული რუკების თარიღების და შინაარსის შესახებ თანამდებობრივი ინფორმაცია ვერ ექნებოდა, რადგან ის არქივის გამგე არ ყოფილა.
"მე არც არქივის გამგე ვიყავი და არც აღმწერი მაგის, რომ [რუკები] 1939 წლის იყო, 1970 წლის იყო, თუ 1999 წლის იყო ეგ მცოდნოდა", - ამბობს ბოჭორიშვილი.
ლორთქიფანიძემ ბრალდება კარტოგრაფების საქმის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ გაახმაურა, მას შემდეგ, რაც გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო პროპაგანდა განსაკუთრებით თვალნათელი გახდა. ხელისუფლების ოპონენტებს კი დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებამ გაუმყარა რწმენა, რომ კარტოგრაფების საქმე რუსულ ინტერესებთანაა თანაკვეთაში.
თავად ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ოფისს ხელმძღვანელობს, რომელიც რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი აქტორისა და ინსტრუმენტის, "გორჩაკოვის ფონდის მიერაა დაარსებული. "გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
დაკავებული კარტოგრაფების ერთ-ერთმა ყველაზე ხმამაღალმა პოლიტიკურმა მხარდამჭერმა ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე 100-მდე სქრინი გამოაქვეყნა, რომელიც სახელისუფლებო ტროლების კოორდინირებულ მოქმედებას ასახავდა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ.
ხოშტარიამ ასევე გამოაქვეყნა ქართული ოცნების აქტივისტთა დახურული ჯგუფის სქრინშოთი, რომელშიც 20 ივნისის აქციების დროს ოპოზიციის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო პროტესტის მთავარი ორგანიზატორი, შაკო ჯუჭაშვილი ჯგუფის წევრებს პარტიულ მესიჯბოქს აცნობდა, რომლითაც მათ სოციალურ ქსელებში ივერი მელაშვილი მოღალატედ უნდა გამოეცხადებინათ.
"მარტივი მესიჯია - ივერი მელაშვილი არის მოღალატე, ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი, მელაშვილი არის მტერი! ყველაფერი გმირის გარდა". –წერს კუჭაშვილი პარტაქტივისტების ჯგუფში.
1-ელ თებერვალს მედიის განვითარების ჯგუფმა - მითების დეტექტორმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო ფეისბუქანგარიშების, საჯარო მოხელეებისა და ულტრანაციონალისტური პროსახელისუფლებო ჯგუფების კოორდინირებული კამპანია გამოავლინა.
კვლევის ფარგლებში MDF-მა დაადგინა, რომ ივერი მელაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული "კლიკბაითების" IP მისამართი რუსეთში იყო დარეგისტრირებული.
გათავისუფლებული კარტოგრაფის წინააღმდეგ ბრალმდებელ განცხადებებს არ მორიდებიან არც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებმა და პარლამენტის დეპუტატებმა ღიად დასდეს ბრალი მელაშვილს სახელმწიფოს ღალატში.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება კარტოგრაფებს სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
კარტოგრაფები თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.