logo
ENG



მთავრობა: 4%-იანი დადებითობის შენარჩუნების შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნა გაგრძელდება

09 თებ 202113:04
3 წუთის საკითხავი
 
მთავრობა: 4%-იანი დადებითობის შენარჩუნების შემთხვევაში შეზღუდვების მოხსნა გაგრძელდება

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება. 

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა პირბადის სწორად გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას. 

8 თებერვალს გაიხსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები. 1-ლი თებერვლიდან გახსნილია მაღაზიები. თუმცა, შაბათ-კვირას კვლავ სრული ლოკდაუნი მოქმედებს. 

ძალაშია კომენდანტის საათი 21:00 საათიდან. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 263 057 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 254 916 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 430 ადამიანი,  კლინიკურ სასტუმროებში - 301 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 149 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.


close დახურვა