ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ცნობით, წმიდა სინოდმა განაჩინა, რომ აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 1938 წლის იმ რუკით უნდა გაევლოს, რომლის გადამალვასაც პროკურატურა დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება.
მეუფე დავითი საპატრიარქოს ტელევიზიასთან აცხადებს, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელსაც კარტოგრაფები ხარვეზიანად მიიჩნევენ და მოლაპარაკებებში გამოსაყენებლად უვარგისად თვლიან, სინოდმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მთავარ დოკუმენტად დაადგინა.
"სინოდმა დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-38 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 000-იანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი", - აცხადებს მეუფე დავითი.
სწორედ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, დავით ხიდეშელის მიერ ხსენებული რუკის გამოგზავნით აღიძრა საქმე კარტოგრაფების წინააღმდეგ. პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საქართველოს სახელმწიფოს მიწების გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას ედავება. საქმეში ამ დრომდე, მოწმის სახით, არაერთი სასულიერო პირი გამოიკითხა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები საქმის დაწყების დღიდან უკიდურესად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, მათ შორის, საქმის ფიგურანტების შესახებ. საკითხზე პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა საქართველოს საპატრიარქომ.
მეუფე დავითი ერთსულოვნებასთან საუბარში ასევე აცხადებს, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, საპატრიარქოს ტელევიზიაზე გადაცემების ციკლი დაიწყება, რომელიც მთლიანად დავით გარეჯის პრობლემატიკას და ქართული ძეგლების ისტორიას მიეძღვნება.
სინოდის დღევანდელი სხდომის ოფიციალური ოქმი ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.