დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს წერილით მიმართავს.
წერილი 2020 წლის 13 ივლისით თარიღდება.
მღვდელმთავარი აღნიშნავს, რომ "სამწუხაროდ, ბოლო დროს ჩვენი ეკლესიის წიაღში შეინიშნება სახიფათო სვლები, რომელთაც, პერსპექტივაში, საქართველოს ეკლესიის დაზიანების გარდაუვალობა მოჰყვება".
ზენონ იარაჯულს განსაკუთრებით საყურადღებოდ მიაჩნია ის, "რაც ამ ამ დღეებში მოხდა":
"ის, რაც ამ დღეებში მოხდა და რომლის შესახებაც მაცნობეს თურქეთიდან, არ შეიძლება არ დაექვემდებაროს თქვენი მახვილი თვალის კონტროლს:
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის დაკავშირება საგარეო
საქმეთა სამინისტროსთან და მათი სახელისუფლებო ბერკეტით თურქეთში არსებული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსადმი მითითება, მსოფლიო პატრიარქის მიერ აღვლენილ ღვთისმსახურებაზე დასწრებისაგან თავის შეკავების მოწოდებით, აღქმულია მსოფლიო პატრიარქთან ფარული ომის გამოცხადების ტოლფასად". -- ნათქვამია წერილში.
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ასევე ამბობს, რომ თურქეთში იყო ადგილობრივი ქართული თემის დაპირისპირების მცდელობა მსოფლიო პატრიარქთან.
"რა ეკლესიური ან პოლიტიკური გამართლება აქვს მსოფლიო პატრიარქის მიერ ოფიციალურად მიწვეული საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს წარმომადგენლების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას?
მეტიც, ადგილი ჰქონდა თურქეთის ქართული თემის მსოფლიო პატრიარქთან დაპირისპირების მცდელობას. განა ამას გამართლება აქვს? განა ეს გონივრულია?! ეს ხომ ისევ ქართველებს აზიანებს თურქეთში?!
რას სძენს საქართველოს ეკლესიას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიას ეხება, მისი ეკლესიის ისტორიულ დედაქალაქში". - სწერს მთავარეპისკოპოსი პატრიარქს.
მთავარეპისკოპოსი ზენონი ილია მეორისთვის გაგზავნილ წერილში ასევე აღნიშნავს, რომ პატრიარქმა უნდა იზრუნოს, "არ ჩამოყალიბდეს საპატრიარქოს ნებისიერი თანამდებობის წარმომადგენელი მღვდელმთავრების მიერ „ენდემუსა სინოდი“, რაც წმინდა სინოდისა და თქვენი უწმინდესობის ფუნქციათა უკანონო მითვისებას ნიშნავს".
"თუ ეკლესიის წმ. სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დააფუძნოს მუდმივ-მოქმედი სინოდი, რომელიც შემცირებული რაოდენობით განისაზღვრება და რომლის პრაქტიკაც არსებობს პრესვიგენულ საპატრიარქოებში, რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში, ჩვენს თვალწინ, ამგვარი მუდმივმოქმედი სინოდის არსებობა იქნება სრულიად კანონიკური. თუმცაღა, იგი ამავდროულად ითვალისწინებს მღვდელმთავრების პერიოდულ როტაციას". - ნათქვამია წერილში.
მოვლენები და კრიტიკა, რომელზეც მეუფე ზენონი ყვება, დეკანოზ ილია ჯინჯოლავას გადაწყვეტილებას მოჰყვა, დაეტოვებინა საქართველოს საპატრიარქოს იურიდიქცია და კონსტანტიკოპოლის ეკლესიის იურისდიქიაში გადაენაცვლა. ამ მოთხოვნით მან სწორედ მეუფე ზენონს მიმართა, მანაც დააკმაყოფილა ჯინჯოლავას მოთხოვნა და განატევა ის.
მღვდელმთავარი ამბობს, რომ მან შესაბამისი ინფორმაცია პატრიარქს წერილით მიაწოდა, თუმცა, გამოთქვამს ეჭვს, რომ სხვა მაღალიერარქების გამო ილია მეორემ ვერაფერი შეიტყო. მოგვიანებით მღვდელმთავრებმა მეუფე ზენონს კანონიკური სამართლის დარღვევაში დასდეს ბრალი, თუმცა, როგორც თავად მთავარაპისკოპოსი ამბობს, მას არაფერი დაურღვევია, ირაკლი (ილია) ჯინჯოლავას კი ჰქონდა საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციის დატოვების უფლება.
აღსანიშნავია, რომ 9 თებერვალს მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა ილია მეორეს გამოუგზავნა წერილი და სთხოვა, შემთხვევით არ დაიჭიროს საქმე მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განკვეთილ სასულიერო პირებთან. ბართოლომეოს I-მა მიუთითა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ რამდენიმე კლერიკოსი სამღვდელო ხარისხიდან ერისკაცობამდე დაიყვანა უკიდურესად მძიმე კანონიკური დანაშაულისთვის.