logo
ENG



მელია: გავრილოვის განცხადება პირდაპირი დირექტივაა ოცნებისთვის რეპრესიების გასაგრძელებლად

15 თებ 202118:16
3 წუთის საკითხავი
clock 1261
მელია: გავრილოვის განცხადება პირდაპირი დირექტივაა ოცნებისთვის რეპრესიების გასაგრძელებლად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა ქართულ ოცნებას პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დირექტივა მისცა.

"ბატონი სერგეი გავრილოვის განცხადება გავრცელდა, რომელიც თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. ეს არის პირდაპირი დირექტივა ქართული ოცნებისთვის პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათ დასასჯელად",- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მმართველი გუნდის დეპუტატებს მისთვის მანდატის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოუწევთ აირჩიონ "გავრილოვების მხარეს დგანან, თუ ეროვნული ღირსების".

"ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს - შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. როდის თუ არა ახლა, ყველა ქართული ოცნების დეპუტატმა თავის თავს უნდა ჰკითხოს - რომელ მხარს დგანან. დგანან გავრილოვების მხარეს, თუ დგანან ანწუხელიძის, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების და ეროვნული ღირსების მხარეს.

ჩემზე ნუ იდარდებთ ოცნების დეპუტაციავ, თუკი სადმე ოდესმე სანერვიულო ცხოვრებაში არაფერი მქონია, სწორედ ახლა არ მაქვს. პატივია და ალბათ ბედისწერაც, იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და მის ხელმძღვანელ პირებს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში - მოსკოვში", - განაცხადა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას და გირაოს გადახდას არ აპირებს.

"გადაწყვეტილება მიიღეთ თავად, ამის შემდეგ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება გაცხადებული. თავის დახრას არ ვაპირებ. რა მოსატანია შიში როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, ჩინჩალაძე, მურუსიძე და ივანიშვილი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ამისთვის ღირდა ცხოვრება", - განაცხადა ნიკა მელიამ.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ნიკა მელიას სავარაუდო დაპატიმრებას გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. მან ტვ პირველთან ინტერვიუში თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს, 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქცია კი "გადატრიალებად" მოიხსენია.

ცნობისთვის, პარლამენტში ხვალ საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტები ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის მოხსნაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარადგენენ. შესაძლოა, კენჭისყრა ხვალვე გაიმართოს. უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი მელიასთვის მანდატის მოხსნას მხარს დაუჭერს. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. 


close დახურვა