logo
ENG



ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს

16 თებ 202110:01
3 წუთის საკითხავი
 

ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს. საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, სწორედ ამ სხდომაზე სურდათ ადვოკატებს დასწრებს.

"ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?! უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, ასევე, შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები.

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს არგადახდის გამო, პატიმრობას ითხოვს. უწყებამ პარლამენტს ნებართვისთვის უკვე მიმართა. მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე დღეს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იმსჯელებენ, შემდეგ კი, საკითხს კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ. უკვე ცნობილია, რომ ქართული ოცნება ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს.


close დახურვა