მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადარიცხოს.
მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "გულზე სულაც არ ეხატება", მაგრამ ნიკა მელიას მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან "ზედმეტი 30 ათასი ლარი" არავის აქვს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას [მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი, როგორც არ უნდა გულზე არ გეხატებოდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური.
რაც შეეხება ნიკას - ამას წინათ ეთერით მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაოო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. 30 ათასი ლარი ზედმეტი არავის აქვს, მით უმეტეს მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 ათასი ლარი არ არის, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი, რამდენია. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობთ და ყველანი ვლაპარაკობთ, რომ აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შექმნილი სისტემის შედეგი". - თქვა ელისაშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიაასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს განიხილავენ. შესაბამის არგუმენტებს პროკურორი ამირან გულუაშვილი წარადგენს. საგამოძიებო უწყებას სურს, იმუნიტეტის შეწყვეტის შემდეგ სასამართლოს მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.
პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.
მელიამ სწორედ ეს გირაო არ გადაიხადა - 50 დღე 12 თებერვალს ამოიწურა. ენმ-ის თავმჯდომარემ თქვა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს, ვინაიდან, "ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია".
აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა.
პარლამენტი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს უკვე მეორედ განიხილავს. 2019 წლის 26 ივნისს პარლამენტმა იმავე - 20-21 ივნისის საქმეზე იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა.