logo
ENG



პავილიონისი: გაერთიანდით, ნუ წახვალთ ბელარუსის გზით, ეს პუტინისთვის საჩუქარია

20 თებ 202117:24
3 წუთის საკითხავი
clock 1407

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ორივე მხარეს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება საქართველოს განვითარებას ხელს უშლის.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველოს სტაბილურობას ხელი შეუწყონ, საჭიროა შიდა ვითარების დეესკალაცია, რაც პოლიტიკოსის განმარტებით, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით შეიძლება მოხდეს.

"ვფიქრობ ვაშინგტონში ახალ ადმინისტრაციასთან და ევროკავშირში ახალ ენერგიასთან ერთად, რომელიც ფოკუსირებულია დემოკრატიაზე, საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯარა ჩნდება. მინდა, რომ საქართველო ჩემპიონი იყოს ამ სფეროში. კავკასიაში რთული სიტუაცია გაქვთ და იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ხელი შევუწყოთ სტაბილურობას რეგიონში, ჩვენ გვჭირდება საქართველო როგორც ლიდერი, როგორც ჩემპიონი. დიახ, ამისთვის საჭიროა შიდა ვითარების დეესკალაცია, დიალოგის გზების გამონახვა. მზად ვართ დავეხმაროთ ამ პროცესს ჩვენი ისტორიული გამოცდილებით. ერთად უნდა იმ იმუშავოთ, რომ მიაღწიოთ სტრატეგიულ მიზნებს", - განაცხადა პავილიონისმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეთანხმებას შეძლებენ და არ წავლენ "ბელარუსის გზით".

"ძალიან გთხოვთ გააკეთოთ ყველაფერი გასაერთიანებლად. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე იპოვის ძალას ამის გასაკეთებლად. მარტივად გეტყვით, შესაძლოა თქვენ ყველაფერი დაკარგოთ - ან მიდიხართ ლიეტუვას ან ბელარუსის გზით. არჩევანი თქვენზეა. თუ გსურთ ლიეტუვას გზით სვლა - გაერთიანდით ახლა, სანამ ძალიან გვიანი არ არის. გვიანი იქნება, როდესაც კვლავ დაინახავთ ტანკებს თქვენს ქუჩებში. პრობლემა ისაა, რომ რუსეთს დღეს არ სჭირდება ტანკები, თავად ებრძვით ერთმანეთს. ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის. შეჩერდით ძალიან გთხოვთ და გაერთიანდით", - ამბობს პოლიტიკოსი.

ლიეტუველი პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდა. 


close დახურვა