logo
ENG



ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გახდა

22 თებ 202111:06
3 წუთის საკითხავი
clock 1272
ISFED-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე გახდა

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას (ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ორგანიზაციის გამგეობამ აღნიშნულ პოზიციაზე ნინო დოლიძე აირჩია.

ორგანიზაციის ცნობით, ნინო დოლიძე საჯარო პოლიტიკის მაგისტრია. მას აქვს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება. 

ბოლო 8 წლის განმავლობაში ის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI) საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა. 

ნინო დოლიძე მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 22 თებერვლიდან უკვე შეუდგა.

ISFED-მა 2020 წლის 11 დეკემბერს საზოგადოებას პარალელური ხმის დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ამცნო და განაცხადა, რომ შეცდომის მიზეზი ხმების დათვლის ფორმულაში დაშვებული ხარვეზი იყო, რომლის გამოც, პროგრამა ნამდვილ ბიულეტენებთან ერთად ბათილ ბიულეტენებსაც ითვლიდა.

ჩასწორებული შედეგების მიხედვით, მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. განახლებული მონაცემების თანახმად, ქართულ ოცნებას 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველი გუნდის პროცენტული მაჩვენებელი 45.8%-ს შეადგენდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამებულ საბოლოო შედეგებით კი ქართულმა ოცნებამ ამომრჩეველთა ხმების 48,22% მიიღო.  

ISFED-ის მიერ (PVT) დათვლის შეცვლილი მონაცემების გამოქვეყნებამდე ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაციაზე ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებისთვის გადაეხედათ.

ამ ფონზე, მმართველმა გუნდმა ორგანიზაციის დისკრედიტაცია სცადა და თქვა, რომ ISFED-ის წარმომადგენლებმა ხმების დამთვლელ ფორმულაში ხარვეზი ოპოზიციასთან შეთანხმებით დაუშვეს.  

ამ მოვლენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელენე ნიჟარაძის თანამდებობიდან გადაყენება მოყვა. 


close დახურვა