logo
ENG



პროკურატურა მელიას გირაოს გადახდის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობს

25 თებ 202118:10
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა მელიას გირაოს გადახდის სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებას სთავაზობს
ვახო ქარელი/ფორმულა

პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მელიას პატიმრობა უწყების თვითმიზანი არ არის. 

"გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, როგორც ბრალდებას აქამდე არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე", - ამბობენ პროკურატურაში. 

ცნობისთვის, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო. ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ. 

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა მელიას დასაკავებლად პოლიცია გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში მივიდა, თუმცა ამ საკითხზე გუნდთან უთანხმოების გამო გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ოპერაცია "დროებით" გადადო. გახარიას გადადგომის შემდეგ ოცნებამ პოსტზე ღარიბაშვილი წარადგინა, დამტკიცებიდან მალევე სპეცრაზმი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეიჭრა და მელია ძალის გამოყენებით დააკავა. ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას კი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა