logo
ENG



ვინ დაესხა თავს ვახო სანაიას - დეტალები ბრალდებულებზე 

25 თებ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული ვაჟა გიგაური კორცხელის ჩხუბის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურანტის, გიორგი გიგაურის ნათესავია. ამას ადასტურებს ფორმულას მიერ მოპოვებული ფოტომასალაც.

სპორტსმენი გიორგი გიგაური, სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან, ქართული ოცნების ოპონენტებზე მომხდარი თავდასხმის გამო სასამართლოს მიერ გამტყუნებულია. დაზარალებული ტელეწამყვანი ყვება, რომ თავდასხმის დროს ყველაზე აგრესიული მისი და მისი ოჯახის მიმართ, სწორედ ვაჟა გიგაური იყო. ის ხმამაღლა აგინებდა ჟურნალისტსაც და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიებს. 

ვაჟა გიგაურის გარდა, ბრალდებულები არიან მისი მეზობლები გიორგი სახელაშვილი და სულიყო საყევარაშვილი.

ვაკეში მისულმა ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რომ ბრალდებულები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის უბნელები და მეზობლები არიან. ფორმულას ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ვაჟა გიგაური, გეგეშიძის ახლო ნათესავიც არის. გეგეშიძე, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტსმენია. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობამდე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო.

გეგა გეგეშიძის სახელს უკავშირდება 2016 წელს სოფელ კორცხელში, ოპოზიციის წინააღმდეგ სპორტსმენების მობილიზაციაც.

კორცხელში ინციდენტი 2016 წლის 22 მაისს, შუალედური არჩევნებისას, 53-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს თავს სპორტსმენები დაესხნენ. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ნიკა მელია და სხვა პოლიტიკოსები სცემეს.  გიგაური სწორედ ამ ინციდენტში მონაწილეობდა, მას სასამართლომ ფულადი ჯარიმა, 4 000 ლარის გადახდა დააკისრა. კორცხელის ძალადობაზე არასათანადო რეაგირებისთვის სახელწმიფოს მწვავედ აკრიტიკებდნენ.

დღეს, 25 თებერვალს, ვაჟა გიგაურთან ერთად, სანაიას თავს დაესხნენ გიორგი სახელაშვილი და სულიკო საყევარაშვილი.

ჟურნალისტს თავს გამთენიისას დაესხნენ. ის ოჯახის წევრებთან, მატ შორის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 


close დახურვა