ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ვახო სანაიაზე თავდასხმას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა მიუღებელია.
კრამონის თქმით, მრავალფეროვანი მედიაგარემო ქართველი ხალხის ინტერესშია, ხოლო ევროპა მხარს უჭერს ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობას.
"მინდა, გამოვხატო ჩემი შეშფოთება მომხდართან დაკავშირებით, თქვენს კოლეგას კი მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. თავდასხმა ჟურნალისტებზე, თავდასხმა თავისუფალ მედიაზე მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში. არც აქ ევროკავშირში, არც თქვენთან, არსად მსგავსი არ უნდა ხდებოდეს.
მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელია პოლარიზაციის, ხანდახან რადიკალიზაციის ფონზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესში არაა. მნიშვნელობა არ აქვს, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ხარ თუ არა - თუკი პროფესიულ სტანდარტებს იცავ, უნდა გქონდეს თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, კრიტიკულად მუშაობის შესაძლებლობა. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი მედიის მომხრე, განსაკუთრებით საქართველოში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში.
ვახო სანაიას სამი პირი ვაკეში თავს გამთენიისას დაესხა. როგორც სანაია ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაია ამბობს, რომ სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული, დაშავებულია მისი რძალიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.