logo
ENG



ღარიბაშვილი ჰესზე: ენერგოდამოუკიდებელობა პრიორიტეტია, გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ

04 მარ 202111:09
3 წუთის საკითხავი
clock 1137
ღარიბაშვილი ჰესზე: ენერგოდამოუკიდებელობა პრიორიტეტია, გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა, პირადად ჩავიდნენ და გაესაუბრონ მოსახლეოიბას ნამახვანჰესთან დაკავშირებულ საკითხზე. 4 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება და "გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად".

"აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. მე მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და მინისტრ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. მინდა ვთხოვო მინისტრებს გამართონ საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში. ამ საკითხზე დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეიძლება, გაიმართოს ეს მოსმენები და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი.

ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა პრიორიტეტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად. ისიც კარგად მოგეხსენებათ რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია.

პროგნოზები რომელიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის ის, რომ ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს, რაც ამ ეტაპზე არ ხდება. აქ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი, რისთვისაც აუცილებელია უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.


close დახურვა