logo
ENG



"მანიაკების ოჯახი მართავს საქართველოს" - აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ [ვიდეო]

06 მარ 202122:32
3 წუთის საკითხავი
clock 2413
"მანიაკების ოჯახი მართავს საქართველოს" - აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ [ვიდეო]
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას აქტივისტები და მოძრაობა საქართველოსთვის წევრები მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე პლაკატები მიიტანეს წარწერებით: "არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს", "ბერა + ირაკლი = ძალადობას!", "ივანიშვილის მაფიოზური ოჯახი", "BERA მოძალადე ტიკ-ტოკერი" და სხვა.

მათი პროტესტი ტვ პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება, რომელშიც ბერა და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ. ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

აქტივისტები ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 

"სრული სიგიჟეა. მანიაკების ოჯახი მართავს საქართველოს. მეტი რა უნდა გვიქნას ივანიშვილმა, რომ სკოლის მოსწავლეების ცემას გეგმავს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი. ეს არის მარაზმი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს.

რამდენი ოპოზიციონერიც არ უნდა მოისყიდოს ივანიშვილმა, ჩვენ, აქტივისტები და ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი მოვნახავთ საერთო ენას და დავამარცხებთ ივანიშვილს. ხალხო ვართ რუსთაველზე, მოდით, რადგან ჩვენს ქვეყანას მართავს მანიაკების ოჯახი", - განაცხადა აქტივისტმა ნიკა ნარსია.

ახლა აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიემართებიან. 

ეთერში ფარული ჩანაწერის გავრცელების პარალელურად განცხადება ქართული ოცნების ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მან ჩანაწერს "აბსოლუტური ფაბრიკაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ ის 2010 წელს, სხვადასხვა საუბრების დროს ამოღებული ფრაზებით არის აწყობილი. 

 


close დახურვა